400 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ცეფიქსიმი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით საინფორმაციო ფურცელს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. – შეინახეთ ეს საინფორმაციო ფურცელი, შესაძლებელია კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა შემდგომში. – დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. – აღნიშნული პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ პირადად, ნუ გადასცემთ მას მესამე პირს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ. – თუ აღგენიშნათ გვერდითი მოვლენები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას რაც არ არის მითითებული ამ ფურცელში. იხილეთ პარაგრაფი 4. |
რას შეიცავს ეს საინფორმაციო ფურცელი:
1. რა არის ერიქსიმი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ერიქსიმის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ერიქსიმი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ერიქსიმი
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ერიქსიმი და რისთვის გამოიყენება
ერიქსიმი მიეკუთვნება ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
ერიქსიმი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- შუა ყურის ინფექცია
- სინუსების ინფექცია
- ყელის ინფექცია
- ინფექცია, რომელიც იწვევს ქრონიკული ბრონქიტის უეცარ გამწვავებას
- არაჰოსპიტალური (საავადმყოფოს გარეთ შეძენილი) ფილტვების ინფექციები (პნევმონია)
- საშარდე გზების ინფექციები
- გენიტალური ტრაქტის ინფექციები
თქვენი მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ ერიქსიმის გამოყენებამდე
არ მიიღოთ ერიქსიმი იმ შემთხევვაში, თუ:
- აღგენიშნებათ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ერიქსიმის, სოიოს ან ერიქსიმის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 პუნქტში („დამატებითი ინფორმაცია“))
- გქონიათ დაუყოვნებელი ტიპის ან მძიმე ალერგიული რეაქციები პენიცილინებით ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებით მკურნალობისას.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს ერიქსიმის მიღებამდე.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ერიქსიმის გამოყენებისას:
– თუ წარსულში გქონდათ ნებისმიერი სახის ალერგიული რეაქცია პრეპარატების მიმართ, განსაკუთრებით ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ, როგორიცაა ცეფალოსპორინები ან პენიცილინები. ცეფიქსიმით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია.
– თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან იმყოფებით ჰემოდიალიზზე. ორივე შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ ერიქსიმი, თუმცა უფრო დაბალი დოზით.
– თუ გაქვთ დიარეის მძიმე ფორმა, მუცლის ტკივილი, სპაზმი ან თუ შენიშნავთ სისხლს, ლორწოს ან ჩირქს განავალში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. არ შეიძლება ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ნაწლავების პერისტალტიკის (მოძრაობის) დაქვეითება ან შეჩერება.
ცეფიქსიმის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.
ეფექტები ლაბორატორიულ ანალიზებზე
როგორც სხვა ცეფალოსპორინების შემთხვევაში, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი რეაქციები შარდში კეტონის, გლუკოზის განსაზღვრის ლაბორატორიულ ანალიზებში (ბენედიქტის ან ფელინგის ანალიზი, რომლებიც, როგორც წესი, ტარდება დიაბეტის მქონე პირებში, შესაბამისად, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ მიიღება ცეფიქსიმი) და კუმბსის რეაქციაში (ანტისხეულების დადგენა).
სხვა პრეპარატები და ერიქსიმი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ეს პრეპარატი არ მიიღოთ სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად თქვენი ექიმის მითითების გარეშე. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტურ პრეპარატს, როგორიცაა ვარფარინი.
ერიქსიმის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ერიქსიმი შეიძლება მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ტაბლეტები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად სითხესთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს რჩევისათვის.
არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს ცეფიქსიმის შესაძლო უარყოფითი ეფექტების შესახებ, შესაბამისად, მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის, თუ ექიმი არ მიიჩნევს შესაბამისად მის გამოყენებას.
ცეფიქსიმის გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები დედის რძეში ექსკრეციის შესახებ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
როგორც წესი ერიქსიმი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. მიუხედავად ამისა, თუ განვითარდა თავბრუსხვევა, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ დანადგარები.
- 3.როგორ გამოიყენება ერიქსიმი
ყოველთვის მიიღეთ ერიქსიმი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარამცევტთან.
ერიქსიმი მიიღება პერორალურად. ეცადეთ ერიქსიმი მიიღოთ ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს.
დოზირება
ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა არის შემდეგი:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები.
მოზრდილების რეკომენდებული დოზაა 200 მგ 12 საათში ერთხელ ან 400 მგ დღე-ღამეში ერთჯერადი დოზის სახით.
გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში ეფექტურია დღეში ერთხელ 200 მგ-ს მიღება.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, შეადგენს 7 დღეს. ექიმის რეკომენდაციით, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე.
ხანდაზმულები
ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებული დოზა არის იგივე რაც მოზრდილებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა თუ ადგილი აქვს თირკმლის მწვავე უკმარისობას (იხ. ქვემოთ).
თირკმლის უკმარისობა
ერიქსიმის გამოყენება შესაძლებელია თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში. ზემოთ მითითებული დოზების მიცემა შესაძლებელია პაციენტებისთვის არანაკლებ 20 მლ/წთ კრეატინინის კლირენსით. პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლებია, არ არის რეკომენდებული 200 მგ ერთხელ დღეში დოზის გადაჭარბება. დოზა და რეჟიმი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ქრონიკულ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე ან ჰემოდიალიზზე, უნდა შეესაბამებოდეს იგივე რეკომენდაციას, რაც 20 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებმა.
საკმარისი მონაცემები არ არსებობს ცეფიქსიმის გამოყენების შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში თირკმლის უკმარისობის არსებობისას; შესაბამისად, ცეფიქსიმის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ერიქსიმი
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, ან თუ პრეპარატი გადაყლაპა ბავშვმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან დაუკავშირდით მკურნალ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატი, მაშინაც კი, თუ კოლოფში ტაბლეტები არ დარჩა, რათა ექიმმა ზუსტად იცოდეს, რა მიიღეთ.
არ არსებობს ცეფიქსიმის ჭარბი დოზების მიღების გამოცდილება. ჯანმრთელ მოზრდილ პაციენტებში 2 გ-მდე დოზების მიღებამ გამოიწვია ზომიერი კუჭ-ნაწლავის მხრივ ეფექტები, რომლებიც არ განსხვავდებოდა თერაპიული დოზების გამოყენებისას გამოვლენილი ეფექტებისგან. მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში, მოსალოდნელია დიარეა, ღებინება და მუცლის ტკივილი.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შეიძლება ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა (თუ მიღებიდან გასულია არაუმეტეს 2 საათი) და პაციენტის ჰიდრატაცია და რებალანსირება ელექტროლიტებით, საჭიროების შემთხვევაში.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი. თან იქონიეთ ეს საინფორმაციო ფურცელი.
თუ დაგავიწყდათ ერიქსიმის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. თუ გამოგრჩათ დოზის მიღება, მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაიცადეთ და პრეპარატის მიღება გააგრძელეთ დანიშნული რეჟიმის მიხედვით.
თუ შეწყვიტეთ ერიქსიმის გამოყენება
ექიმი მოგცემთ მითითებას ამ პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ. მნიშვნელოვანია, დაასრულოთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის სრული კურსი.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ერიქსიმმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა, არა ყველა პაციენტში.
გამოვლენილი გვერდითი რეაქციების უმრავლესობა არის მსუბუქი და თვით-შემზღუდავი ხასიათის.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სერიოზული გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
- ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: კანის სიწითლეს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, აჩქარებულ გულისცემას, გულის წასვლის შეგრძნებას, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას. ვითარდება იშვიათად.
- მძიმე ფორმის ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომლებიც იხსნება და კანზე სველ ეროზიულ ადგილებს ტოვებს. ასევე ზოგადი სისუსტე, ცხელება, შემცივნება და კუნთების ტკივილი.
- კანისა და რბილი ქსოვილების ანთება.
- კანზე გამონაყარი ან ვარდისფერი/წითელი ლაქები კანზე, კანის აქერცვლა, ქავილი, ან ბუშტუკები. გამონაყარი შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით ხელის გულებზე ან ტერფებზე.
- სისხლჩაქცევები ან სისხლდენა ჩვეულებრივზე მარტივად, ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ძლიერი ყელის ტკივილი ან ცხელება.
- მძიმე ფორმის, სისხლიანი ან გახანგრძლივებული დიარეა, რომელსაც თან ახლავს სისუსტე და ცხელება, ამ წამლის მიღების დროს ან შემდეგ.
სხვა გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. რომელიმე გვერდითი მოვლენის გართულების შემთხვევაში, ან თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)
- დიარეა ან თხიერი განავალი
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში)
- გულისრევა ან ღებინება
- კუჭის ტკივილი, დისპეფსია
- თავის ტკივილი
- კანზე გამონაყარი
- ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგებში დროებითი დარღვევები
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1 პაციენტში)
- თავბრუსხვევა ან ცხელება
- ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული ახალი ინფექციები, როგორიცაა „კანდიდოზი“ (ქავილი სასქესო ორგანოს ან საშოს მიდამოში)
- მადის დაკარგვა, მეტეორიზმი
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და/ან სხვა შიდა ზედაპირების ანთება.
- სისხლში შარდოვანას დონის დროებითი მატება.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000- დან 1 პაციენტში)
- სისხლში სხვადასხვა უჯრედების რაოდენობის შემცირება (სიმპტომები: დაღლილობა, ახალი ინფექციები და სისხლჩაქცევები ან სისხლდენები)
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანისა და სკლერების ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე)
- თირკმელების ფუნქციის დარღვევა
- ჰიპერაქტიურობა
ამ ტიპის სხვა ანტიბიოტიკებმა (ცეფალოსპორინები) შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების განვითარების რისკი, რომელიც ასევე შესაძლებელია ერიქსიმის მიღებისას.
სისხლის ანალიზები
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის გაკეთება, რადგან ერიქსიმმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას) რაოდენობაში. აღნიშნული ცვლილებები ჩვეულებრივ შექცევადია პრეპარატის მოხსნისას.
რომელიმე გვერდითი მოვლენის გართულების შემთხვევაში, ან თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მათ შორის, ისეთი გვერდითი ეფექტების, რომლებიც მითითებული არ არის ამ საინფორმაციო ფურცელში და პროდუქტის მახასიათებლის შეჯამებაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცვტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ ინახება ერიქსიმი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ერიქსიმი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ერიქსიმი
- აქტიური ნივთიერება არის ცეფიქსიმის ტრიჰიდრატი.
- სხვა ინგრედიენტებია ორფუძიანი კალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
- გარსი: OPADRY® AMB White OY-B-28920 (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილალკოჰოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, სოიოს ლეციტინი, ქსანთანის გუმფისი).
ერიქსიმის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტები.
თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს და წარწერით „F“ ერთ მხარეს და „P“ და „1“ მეორე მხარეს.
ერიქსიმი დაფასოებულია PVC-პოლიამიდი-ალუმინი-PVC/ალუმინის ბლისტერებში, რომელშიც მოთავსებულია 5 შემოგარსული ტაბლეტი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს „ნიუ ფარმა“
საქართველო, 0154 თბილისი, ი. ევდოშვილის ქ. #18
მწარმოებელი
ACS DOBFAR S.p.A.
იტალია, 00071 პომეცია (რომი), ლაურენტინას ქ. 24-ე კმ, 730
მწარმოებელი |
ACS DOBFAR |
---|