ელკოპრაზოლი (Elkoprazol) 20 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები
ელკოპრაზოლი (Elkoprazol) 40 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები
ეზომეპრაზოლი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
- შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
- ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს. იხილეთ ქვეთავი 4 .
შინაარსი:
- რა არის ელკოპრაზოლი და რა დროს გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ელკოპრაზოლის მიღებამდე
- როგორ მივიღოთ ელკოპრაზოლი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- როგორ შეინახოთ ელკოპრაზოლი
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის ელკოპრაზოლი და რა დროს გამოიყენება
ელკოპრაზოლის კაფსულები შეიცავს პრეპარატს სახელწოდებით ეზომეპრაზოლი. მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები“, რომლებიც ამცირებს კუჭის მჟავიანობას.
ელკოპრაზოლი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
მოზრდილები
- „გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება“ (GERD), რომლის დროს კუჭის მჟავე შიგთავსი კუჭიდან საყლაპავში (მილი, რომელიც აკავშირებს ყელს კუჭთან) გადადის, რაც საყლაპავის ანთებას, გულმკერდის არეში ტკივილსა და გულძმარვას იწვევს.
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რომელიც გამოწვეულია Helicobacter pylori-ით. ასეთ შემთვევაში, ექიმმა შესაძლოა ასევე დანიშნოს ანტიბიოტიკები ინფექციისა და წყლულის სამკურნალოდ.
- აასს-ით (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) გამოწვეული კუჭის წყლული. ელკოპრაზოლი ასევე გამოიყენება აასს-ს მიღებისას კუჭის წყლულის განვითარების პრევენციისათვის.
- პანკრეასის სიმსივნით გამოწვეული მაღალი მჟავიანობა (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი).
- წყლულის განმეორებითი სისხლდენის ინტრავენური ეზომეპრაზოლით პროფილაქტიკის შემდგომი ხანგრძლივი მკურნალობა.
12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები
- „გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება“ (GERD), რომლის დროს კუჭის მჟავე შიგთავსი კუჭიდან საყლაპავში (მილი, რომელიც აკავშირებს ყელს კუჭთან) გადადის, რაც საყლაპავის ანთებას, გულმკერდის არეში ტკივილსა და გულძმარვას იწვევს.
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რომელიც გამოწვეულია Helicobacter pylori-ით. ასეთ შემთვევაში, ექიმმა შესაძლოა ასევე დანიშნოს ანტიბიოტიკები ინფექციისა და წყლულის სამკურნალოდ.
- რა უნდა იცოდეთ ელკოპრაზოლის მიღებამდე
არ მიიღოთ ელკოპრაზოლი:
- თუ ხართ ალერგიული ელკოპრაზოლის ან მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 ქვეთავში ).
- თუ ხართ ალერგიული სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (მაგ. პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი) მიმართ.
- თუ იღებთ ნელფინავირის შემცველ პრეპარატებს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).
არ მიიღოთ ელკოპრაზოლი, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ელკოპრაზოლის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ელკოპრაზოლის მიღებამდე დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ:
- აღგენიშნებათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.
- აღგენიშნებათ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები.
- თუ ოდესმე გქონიათ კანის ალერგიული რეაქცია ეზომეპრაზოლის მსგავს რომელიმე პრეპარატზე, რომელიც ამცირებს კუჭის მჟავიანობას.
- უნდა გაიკეთოთ სისხლის სპეციფიკური ანალიზი (ქრომოგრანინი A).
ეზომეპრაზოლმა შეიძლება შენიღბოს სხვა დაავადებების სიმპტომები. აქედან გამომდინარე, თუ ომეპრაზოლის მიღებამდე, ან მკურნალობის პერიოდში აღგენიშნებათ შემდეგი მდგომარეობები, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს:
- წონაში უმიზეზო კლება და ყლაპვის გაძნელება.
- კუჭის ტკივილი, ან დისპეფსია.
- ღებინება, ან სისხლიანი ღებინება.
- შავი ფერის განავალი (სისხლიანი განავალი).
“საჭიროების მიხედვით” (on-demand) მიღებისას, მიმართეთ ექიმს სიმპტომების გაგრძელების ან შეცვლის შემთხვევაში.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებამ, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი).
თუ აღგენიშნათ გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ არსებულ ადგილებში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ელკოპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტა.
ასევე აცნობეთ ექიმს სხვა გვერდითი მოვლენების შესახებ, მაგ. როგორიცაა სახსრების ტკივილი.
აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს ორგანიზმის მიერ B12 ვიტამინის ათვისებაზე, განსაკუთრებით ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში. მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს B12 ვიტამინის დაბალ დონეზე:
- დაღლილობის შეგრძნება ან სისუსტე
- ჩხვლეტის შეგრძნება
- მტკივნეული ან წითელი ენა, წყლულები პირის ღრუში
- კუნთების სისუსტე
- მხედველობის დარღვევა
- მეხსიერების პრობლემები, დაბნეულობა, დეპრესია
ელკოპრაზოლის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებები. ელკოპრაზოლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედებაზე ან პირიქით.
არ მიიღოთ ელკოპრაზოლი, თუ იღებთ ნელფინავირის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).
აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
- ატაზანავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).
- კლოპიდოგრელი (გამოიყენება სისხლის შედედების დარღვევის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის).
- კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).
- ერლოტინიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ).
- ციტალოპრამი, იმიპრამინი ან კლომიპრამინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
- დიაზეპამი (გამოიყენება შფოთვის სამკურნალოდ, კუნთების მოსადუნებლად, ან ეპილეფსიის დროს)
- ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის დროს). ფენიტოინის გამოყენებისას ექიმმა უნდა გაგიწიოთ ზედამხედველობა ელკოპრაზოლის მიღების დაწყებისას და დასრულებისას.
- სისხლის გამათხელებლები, როგორიცაა ვარფარინი. აუცილებელია ზედამხედველობა ელკოპრაზოლის მიღების დაწყებისას და დასრულებისას.
- ცილოსტაზოლი (გამოიყენება გარდამავალი კოჭლობის (ფეხის ტკივილი სიარულის დროს, რომელიც გამოწვეულია არასაკმარისი სისხლის მიწოდებით) სამკურნალოდ).
- ციზაპრიდი (გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევისა და გულძმარვის დროს).
- დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების დროს).
- ტაკროლიმუსი (გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის დროს).
- მეთოტრექსატი (ქიმიოთერაპიული საშუალება, რომელიც გამოიყენება დიდი დოზებით კიბოს სამკურნალოდ) – თუ თქვენ იღებთ მეთოტრექსატის დიდ დოზებს, ექიმმა შეიძლება დროებით შეწყვიტოს ელკოპრაზოლით მკურნალობა.
- რიფამპინი (გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ).
- კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
თუ ექიმმა Helicobacter pylori–ით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ ელკოპრაზოლთან ერთად დაგინიშნათ ანტიბიოტიკები ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი, მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს თუ იღებთ სხვა პრეპარატებს.
ელკოპრაზოლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კაფსულების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად, ან მისგან დამოუკდებლად.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმი განსაზღვრავს შეიძლება თუ არა ელკოპრაზოლის მიღება. უცნობია გადადის თუ არა ელკოპრაზოლი დედის რძეში, ამიტომ არ არის რეკომენდებული ელკოპრაზოლის მიღება ლაქტაციის პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ელკოპრაზოლმა მოახდინოს რაიმე გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დაბინდვა (იხ. ქვეთავი 4). ასეთი გვერდითი მოვლენების განვითარებისას თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისაგან.
ელკოპრაზოლი შეიცავს საქაროზას და ნატრიუმს
ელკოპრაზოლის შემადგენლობაში შედის შაქრის ბურთულები, რომლებიც შეიცავს საქაროზას (შაქრის სახეობა). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ გარკვეული სახის შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) ერთ კაფსულაში, ანუ არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
- როგორ მივიღოთ ელკოპრაზოლი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან.
- აღნიშნული პრეპარატის ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის დაკვირვება (განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიღების შემთხევვაში).
- პრეპარატის მიღებისას სიმპტომების შეცვლის შესახებ აცნობეთ ექიმს.
- ექიმი განგისაზღვრავთ რა დოზით და ხანგრძლივობით მიიღოთ პრეპარატი. ეს დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე, ასაკსა და ღვიძლის ფუნქციონირებაზე.
- რეკომენდებული დოზები მოცემულია ქვემოთ
18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილები
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GERD) სიმპტომის გულძმარვის მკურნალობა:
- საყლაპავის მსუბუქად დაზიანების შემთხვევაში რეკომენდებულია ელკოპრაზოლის გამოყენება დოზით 40მგ ერთი კაფსულა დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში. თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, იგივე დოზით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს შემდეგი 4 კვირის განმავლობაში.
- საყლაპავის დაზიანების განკურნების შემთხევვაში რეკომენდებულია ელკოპრაზოლის მიღება დოზით 20 მგ ერთი კაფსულა დღეში ერთხელ.
- თუ საყლაპავი არ არის დაზიანებული, რეკომენდებული დოზაა ელკოპრაზოლი 20 მგ ერთი კაფსულა დღეში. კონტროლირებული მდგომარეობის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტის მიღება საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ ერთი ელკოპრაზოლის 20 მგ კაფსულა დღეში.
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო პატარა დოზა.
Helicobacter pylori -ით გამოწვეული წყლულის მკურნალობა და რეციდივის პრევენცია:
- რეკომენდებული დოზაა ელკოპრაზოლი 20მგ ორჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში.
- ექიმი ასევე დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს, როგორიცაა ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი.
აასს-ით (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) გამოწვეული კუჭის წყლულის მკურნალობა:
- რეკომენდებული დოზაა 20 მგ ელკოპრაზოლი დღეში ერთხელ 4-8 კვირის განმავლობაში.
კუჭის წყლულის პრევენცია აასს-ის (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) მიღებისას:
- რეკომენდებული დოზაა ელკოპრაზოლი 20 მგ დღეში ერთხელ.
პანკრეასის სიმსივნით გამოწვეული მაღალი მჟავიანობის (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი) მკურნალობა:
- რეკომენდებული დოზაა ელკოპრაზოლი 40 მგ ორჯერ დღეში.
- ექიმი დაარეგულირებს დოზას თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე და განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას. მაქსიმალური დოზაა 80 მგ ორჯერ დღეში.
წყლულის განმეორებითი სისხლდენის ინტრავენური ელკოპრაზოლით პროფილაქტიკის შემდგომი ხანგრძლივი მკურნალობა:
- რეკომენდებული დოზაა ელკოპრაზოლი 40მგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.
12 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილები
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GERD) სიმპტომის გულძმარვის მკურნალობა:
- საყლაპავის მსუბუქად დაზიანების შემთხვევაში რეკომენდებულია ელკოპრაზოლის გამოყენება დოზით 40მგ ერთი კაფსულა დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში. თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, იგივე დოზით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს შემდეგი 4 კვირის განმავლობაში.
- საყლაპავის დაზიანების განკურნების შემთხევვაში რეკომენდებულია ელკოპრაზოლის მიღება დოზით 20 მგ ერთი კაფსულა დღეში ერთხელ.
- თუ საყლაპავი არ არის დაზიანებული, რეკომენდებული დოზაა 20 მგ ელკოპრაზოლი ერთი კაფსულა დღეში. კონტროლირებული მდგომარეობის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მედიკამენტის მიღება საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ ერთი 20 მგ ელკოპრაზოლის კაფსულა დღეში.
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო პატარა დოზა.
Helicobacter pylori -ით გამოწვეული წყლულის მკურნალობა და რეციდივის პრევენცია:
- რეკომენდებული დოზაა ელკოპრაზოლი 20 მგ ორჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში.
- ექიმი ასევე დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს, როგორიცაა ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი.
მიღების წესი
- შეგიძლიათ მიიღოთ კაფსულები დღის ნებისმიერ დროს.
- კაფსულების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად, ან მისგან დამოუკდებლად.
- კაფსულები მიიღეთ მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ ან დაქუცმაცოთ კაფსულა ან მისი შიგთავსი, რადგან ის შეიცავს შემოგარსულ გრანულებს, რაც იცავს პრეპარატს კუჭის მჟავას მიერ დაშლისაგან. მნიშვნელოვანია, რომ არ დაზიანდეს გრანულები.
როგორ მოვიქცეთ თუ გვიჭირს კაფსულის გადაყლაპვა
- თუ გიჭირთ კაფსულის გადაყლაპვა:
- გახსენით კაფსულა და კაფსულის შიგთავსი (გრანულები) ჩაყარეთ ჭიქა წყალში (არაგაზიანი). არ გამოიყენოთ სხვა სითხეები.
- მოურიეთ. დალიეთ ნარევი გაზავებისთანავე ან 30 წუთის განმავლობაში. ყოველთვის მოურიეთ ნარევს გამოყენების წინ.
- იმაში დასარწმუნებლად, რომ კაფსულის შიგთავსი მიიღეთ სრულად, აავსეთ ჭიქა ნახევრამდე, მოავლეთ ჭიქის გვერდებს და დალიეთ. მყარი ნაწილები შეიცავს პრეპარატს-არ დაღეჭოთ, ან არ დააქუცმაცოთ.
- იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ შეგიძლიათ ყლაპვა, კაფსულის შიგთავსი შეიძლება შეურიოთ მცირე რაოდენობით წყალს და მოათავსოთ შპრიცში. ამის შემდეგ ის შეიძლება შეიყვანოთ გასტრალური ზონდის (G-tube) მეშვეობით პირდაპირ კუჭში.
12 წლამდე ასაკის ბავშვები
ელკოპრაზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.
დოზის გადაჭარბება
ელკოპრაზოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვება
- თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაიცადეთ და ტაბლეტი მიიღეთ დანიშნულ დროს.
- ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ ელკოპრაზოლის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა:
- უეცარი მსტვინავი ხიხინი, ტუჩების, ენისა და ყელის ან მთელი სხეულის შეშუპება, გამონაყარი, სისუსტე ან ყლაპვის გაძნელება (მძიმე ალერგიული რეაქცია).
- კანის სიწითლე, რომელსაც თან ახლავს ბუშტუკების წარმოქმნა ან კანის აქერცვლა. შეიძლება ასევე აღინიშნოს ბუშტუკები და სისხლდენა ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირისა და სასქესო ორგანოების მიდამოებში. ეს შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN).
- ძალიან იშვიათ შემთხვევებში ელკოპრაზოლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის თეთრ უჯრედებზე, რამაც გამოიწვიოს იმუნოდეფიციტი. თუ გაქვთ ინფექცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება საერთო მდგომარეობის მძიმე გაუარესებით, ან ცხელება ლოკალური სიმპტომებთ, მაგ. ტკივილი კისრის, ყელის ან პირის ღრუში ან შარდვის გაძნელება, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, რათა სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოზი) გამოირიცხოს სისხლის ანალიზით. მნიშვნელოვანია, ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია იმ წამლის შესახებ, რომელსაც ღებულობთ.
- ყვითელი კანი, მუქი შარდი და დაღლილობა, რაც შეიძლება იყოს ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების სიმპტომები.
ეს გვერდითი ეფექტები იშვიათია და შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1 პაციენტში.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10- დან 1 პაციენტში)
- თავის ტკივილი.
- დარღვევები კუჭის და ნაწლავების მხრივ: დიარეა, კუჭის ტკივილი, ყაბზობა და შებერილობა (მეტეორიზმი).
- გულისრევა და ღებინება.
- კუჭის კეთილთვისებიანი პოლიპები.
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100- დან 1 პაციენტში)
- ტერფების და კოჭების შეშუპება.
- ძილის დარღვევა (უძილობა).
- თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, ძილიანობა.
- შეგრძნება რომ გარშემო ყველაფერი ბრუნავს (ვერტიგო).
- პირის სიმშრალე.
- სისხლში ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილება.
- გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება და ქავილი.
- თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა (ელკოპრაზოლის დიდი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას).
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000- დან 1 პაციენტში)
- დარღვევები სისხლის მხრივ, როგორიცაა სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, სისხლჩაქცევები ან გაზარდოს დაინფიცირების შანსი.
- სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, გულისრევა (ღებინება) და კრუნჩხვები.
- აჟიტაცია, დაბნეულობა, ან დეპრესია.
- გემოს შეცვლა.
- მხედველობის პრობლემები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა.
- სუნთქვის უეცარი გაძნელება (ბრონქოსპაზმი).
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება.
- ინფექციური დაავადება, როგორიცაა „კანდიდოზი“, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაწლავებზე და რომელიც გამოწვეულია სოკოვანი ინფექციით.
- დარღვევები ღვიძლის მხრივ, მათ შორის სიყვითლე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაყვითლება, მუქი შარდი და დაღლილობა.
- თმის ცვენა (ალოპეცია).
- გამონაყარი კანზე გამოწვეული მზის სხივების ზემოქმედებით.
- სახსრების ტკივილი (ართრალგია) ან კუნთების ტკივილი (მიალგია).
- საერთო სისუსტე.
- ჭარბი ოფლიანობა.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000- დან 1 პაციენტში)
- სისხლის რაოდენობრივი მაჩვენებლების ცვლილება, მათ შორის აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება).
- აგრესიულობა.
- არარსებული რეალობის სენსორული აღქმა (ჰალუცინაციები).
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, რაც იწვევს ღვიძლის უკმარისობას და თავის ტვინის ანთებას.
- უეცარი გამონაყარი კანზე, ბუშტუკების წარმოქმნა და კანის აქერცვლა, რასაც შეიძლება თან ახლდეს ცხელება და სახსრების ტკივილი (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
- კუნთების სისუსტე.
- თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები.
- მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება.
უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
- ელკოპრაზოლს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღების შემთხვევაში შესაძლებელია სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება. მაგნიუმის დაბალი დონე იწვევს დაღლილობას, კუნთების უნებლიე შეკუმშვას, დეზორიენტაციას, კრუნჩხვებს, თავბრუსხვევასა და გულისცემის გახშირებას. რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართეთ მკურნალ ექიმს. მაგნიუმის დაბალმა კონცენტრაციამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს სისხლში კალიუმის და კალციუმის დონის შემცირება. მაგნიუმის დონის საკონტროლოდ ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პერიოდულად სისხლის ანალიზის ჩატარება.
- ნაწლავების ანთება (რაც იწვევს დიარეას).
- გამონაყარი, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს სახსრების ტკივილი.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.
- როგორ შეინახოთ ელკოპრაზოლი
- შეინახეთ სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე ან ფლაკონზე ან ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
- ბლისტერი: შეინახეთ არაუმეტეს 300C-ზე ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში ტენიანობისგან დაცვის მიზნით.
- პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ელკოპრაზოლი
- აქტიური ნივთიერება არის ელკოპრაზოლი.
ელკოპრაზოლის კაფსულები ხელმისაწვდომია ორი სახით, რომელიც შეიცავს 20 მგ ან 40 მგ ეზომეპრაზოლს (ნატრიუმის მარილის სახით).
- სხვა ინგრედიენტებია:
კაფსულის შიგთავსი:
შაქრის ბურთულები (შეიცავს სიმინდის სახამებელს და საქაროზას), მეთილცელულოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E-171), გლიცერილმონოსტეარატი, პოლისორბატი-80, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მეთაკრილის მჟავა – ეთილის აკრილატის კოპოლიმერი და ტრიეთილციტრატი.
კაფსულის გარსი:
კარაგენანი, კალიუმის ქლორიდი, რკინის ოქსიდი წითელი (E 172), ტიტანის ტიოქსიდი (E-171), ჰიპრომელოზა, საბეჭდი მელანი (Shellac, კალიუმის ჰიდროქსიდი და რკინის ოქსიდი შავი (E172)).
ელკოპრაზოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
- ეზომეპრაზოლის 20მგ მყარი კაფსულები, კაფსულის კორპუსი და თავსახური გაუმჭვირვალე ღია ვარდისფერია, ზომა 4 (დაახლოებით 14 მმ), დაბეჭდილი (cap ES/body 20), რომელიც შეიცავს სფერულ გრანულებს.
- ეზომეპრაზოლის 40მგ მყარი კაფსულები, კაფსულის კორპუსი და თავსახური გაუმჭვირვალე ღია ვარდისფერია, ზომა 2 (დაახლოებით 18 მმ), დაბეჭდილი (cap ES/body 40), რომელიც შეიცავს სფერულ გრანულებს.
ელკოპრაზოლი 20 მგ ხელმისაწვდომია:
ალუმინის/ალუმინის ბლისტერები: 28 კაფსულა
ელკოპრაზოლი 40 მგ ხელმისაწვდომია:
ალუმინის/ალუმინის ბლისტერები: 28 კაფსულა.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს „ნიუ ფარმა“
ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, 0154 თბილისი, ევდოშვილის ქ. #18
მწარმოებელი
TOWA Pharmaceutical Europe, S.L.
ესპანეთი, 08107 ბარსელონა, მარტორელესი, C / de Sant Marti,75-97.