ვაგინალური სანთლები
მეტრონიდაზოლი/ქლორამფენიკოლი/ნატამიცინი/ჰიდროკორტიზონის აცეტატი
პრეპარატის გამოყენებამდე მთლიანად წაიკითხეთ ფურცელი–ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი კიდევ ერთხელ წაკითხვა.
- თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- პრეპარატი დანიშნულია სპეციალურად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა ადამიანებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.
- თუ რაიმე არასასურველი რეაქციები გაქვთ, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, ისეთზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელი-ჩანართის ნაწილში 4.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს პრეპარატი ნიუმეზოლი ფორტე და რისთვის გამოიყენება იგი
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატის ნიუმეზოლი ფორტე გამოყენებამდე
- პრეპარატის ნიუმეზოლი ფორტე გამოყენება
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
- პრეპარატის ნიუმეზოლი ფორტე შენახვა
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
- რას წარმოადგენს პრეპარატი ნიუმეზოლ ფორტე და რისთვის გამოიყენება იგი
ნიუმეზოლი ფორტე მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც ანტისეპტიკები და ანტიმიკრობული პრეპარატები გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ კორტიკოსტეროიდებთან ერთად. ეს არის კომბინირებული პრეპარატი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპროტოზოული მოქმედებით. შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს მეტრონიდაზოლს, ქლორამფენიკოლს, ნატამიცინს და ჰიდროკორტიზონის აცეტატს.
პრეპარატი გამოიყენება:
- გრამდადებითი ან გრამუარყოფითი აერობული და ანაერობული ბაქტერიებით (Clostridium spp. ჩათვლით) გამოწვეული ვაგინიტებისა და ცერვიციტების სამკურნალოდ;
- სხვა მიკროორგანიზმებთან კომბინაციაში Trichomonas vaginalis-ით გამოწვეული ვაგინიტებისა და ცერვიციტების მკურნალობა;
- სხვა მიკროორგანიზმებთან კომბინაციაში Mycoplasma spp-ით ან Chlamydia spp.–ით გამოწვეული ვაგინიტებისა და ცერვიციტების მკურნალობა;
- სხვა სახეობების სოკოებთან კომბინაციაში Candida spp. გვარის მიკროორგანიზმებით გამოწვეული სოკოვანი ვაგინიტების მკურნალობა;
- შერეული ინფექციით გამოწვეული ვაგინიტების მკურნალობა: Trichomonas vaginalis, Candida spp. და Mycoplasma spp. ან Chlamydia spp.;
- ვაგინიტებისა და ცერვიციტების პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებიც გადიან სისტემურ მკურნალობას იმუნოდეპრესანტებით, ციტოსტატიკებით ან კორტიკოსტეროიდებით და პაციენტებში, რომლებიც იტარებენ სხივურ თერაპიას;
- ვაგინიტებისა და ცერვიციტების პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც უწევთ ქირურგიული ან დიაგნოსტიკური ჩარევა სასქესო ორგანოების მიდამოში (ჰისტეროსალპინოგრაფია, ჰიდროტუბაცია, ენდომეტრიუმის ბიოფსია და სხვა);
- პათოგენური ფლორის მკურნალობა ბაბეშ–პაპანიკოლაუსის ციტოტესტისთვის ნაცხის აღებამდე, მიკროსკოპული სურათის გასარკვევად და ციტოტესტის ინტერპრეტაციის გასაუმჯობესებლად.
თუ გაუმჯობესება არ არის ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატის ნიუმეზოლ ფორტე გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ პრეპარატი ნიუმეზილი ფორტე
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მეტრონიდაზოლის, ქლორამფენიკოლის, ნატამიცინის და ჰიდროკორტიზონის აცეტატის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში;
- ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვისას (როდესაც ძვლის ტვინი აწარმოებს ჩვეულებრივზე ნაკლებ სისხლის უჯრედებს);
- თუ დაგისვეს მწვავე წყვეტილი პორფირიის დიაგნოზი (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა, სისხლში და ქსოვილებში პორფირინების გაზრდილი შემცველობით);
- თუ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც არღვევს სისხლის წითელი უჯრედების ფუნქციას);
- თუ გაქვთ ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე დაავადებები;
- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ;
- თუ არ შეგისრულდათ 18 წელი.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ნიუმეზოლი ფორტეს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ანამნეზში არსებობს მითითება სისხლის დაავადებაზე, ასევე პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას და/ან ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია სისხლის სურათის კონტროლი. ლეიკოპენიის გამოვლენის შემთხვევაში, თქვენი ექიმი შეაფასებს შემდგომი მკურნალობის შესაძლებლობას.
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში (ჩხვლეტა, მოძრაობებისა და სიარულის კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები) საჭიროა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.
სიფრთხილით გამოიყენება ნერვული სისტემის მძიმე, ქრონიკული ან პროგრესირებადი დაავადებების მქონე პაციენტებში, ნევროლოგიური დაავადებების გამწვავების რისკის გამო.
აცნობეთ მკურნალ ექიმს:
- თუ გამოვლინდა ალერგიული რეაქციის ნებისმიერი სიმპტომი (იხ. ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი რეაქციები“);
- თუ გაქვთ ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები;
- თუ გაწუხებთ ფსიქიკური დაავადება;
- თუ გაქვთ სისხლის დაავადებები.
მოხსენებულია ღვიძლის მძიმე დაზიანების/ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები (მათ შორის ფატალური შემთხვევები) კოკეინის სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ მეტრონიდაზოლის შემცველ პრეპარატებს.
თუ გაქვთ კოკეინის სინდრომი, ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი ღვიძლის ფუნქცია მეტრონიდაზოლით მკურნალობის დროს და მის შემდეგ.
დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს და შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში: მუცლის ტკივილი, უმადობა, გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მომატება, შეუძლოდ ყოფნა, დაღლილობა, კანის მოყვითალო შეფერილობა, მუქი შარდი, თიხისებრი განავალი ან კანის ქავილი.
ტრიქომონიაზი ყველაზე ხშირად ასოცირდება გონოკოკურ ინფექციასთან. შესაძლებელია ტრიქომონიაზის მკურნალობის შემდეგ გონოკოკური ინფექცია შენარჩუნდეს.
ნიუმეზოლ ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს შარდის მუქი ფერი.
მკურნალობის დროს თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან. განმეორებითი ინფექციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის ერთდროული მკურნალობა.
სანთლების ერთდროულმა გამოყენებამ პრეზერვატივთან ან ვაგინალურ დიაფრაგმებთან შეიძლება შეამციროს მექანიკური კონტრაცეფციის სანდოობა. ასევე შესაძლებელია შემცირდეს ვაგინალური სპერმიციდების ეფექტურობა. გამოიყენეთ კონტრაცეფციის სხვა საშუალებები მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან 5 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ნიუმეზოლი ფორტე მენსტრუაციის დროს.
მეტრონიდაზოლს, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, შეუძლია ტრეპონემების იმობილიზაცია, რაც იწვევს შეცდომით დადებით ნელსონ-მაიერის ტესტს (კვლევა სიფილისზე).
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.
სხვა პრეპარატები და პრეპარატი ნიუმეზოლი ფორტე
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება დაიწყოთ სხვა რომელიმე პრეპარატის მიღება, მათ შორის რომლებიც მიღებულია რეცეპტის გარეშე.
განსაკუთრებით, აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ:
- ეთილის სპირტი ან ეთილის სპირტის შემცველი პრეპარატები;
- დისულფირამი (ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატი);
- ბუსულფანი, 5-ფტორურაცილი (ანტისიმსივნური პრეპარატები);
- პერორალური ანტიკოაგულანტები (ვარფარინი), სისხლის გამათხელებელი საშუალებები;
- ლითიუმის პრეპარატები (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ);
- ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ);
- ფენიტოინი ან ფენობარბიტალი (კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატები);
- ანტიბიოტიკები (ანტიმიკრობული პრეპარატები), როგორიცაა ერითრომიცინი, კლინდამიცინი, ლინკომიცინი;
- პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკები;
- პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ ჰემატოპოეზს (სისხლის უჯრედების ფორმირების, განვითარებისა და მომწიფების პროცესი).
ნიუმეზოლი ფორტე სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 24-48 საათის განმავლობაში არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები, დისულფირამის მსგავსი შესაძლო რეაქციების გამო (სახისა და კისრის კანის სიწითლე, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატი ნიუმეზოლი ფორტე უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ვინაიდან პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს არასასურველი რეაქციები, როგორიცაა დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები ან მხედველობის გარდამავალი დარღვევები (როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან ორმაგი მხედველობა), მკურნალობის დროს თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან.
- პრეპარატის ნიუმეზოლი ფორტე გამოყენება
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირების რეჟიმი
რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1 სანთელს საღამოს, ძილის წინ, 12 დღის განმავლობაში.
წყლულოვანი ცერვიციტის დროს მკურნალობის კურსი მეორდება 1-2-ჯერ, წყლულების სრულ შეხორცებამდე, კურსებს შორის 7 დღიანი შესვენებით.
ვაგინიტისა და ცერვიციტის დროს, რომელსაც თან ახლავს ინფექციური წარმოშობის მძიმე ანთებითი დაავადებები (მენჯის ღრუს ვენების სისხლსავსეობის სინდრომი, მეტროადნექსიტი, პელვიოპერიტონიტი), ექიმის რეკომენდაციით ინიშნება სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკები.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გამოყენების წესი
ვაგინალურად.
სანტლის კონტურული შეფუთვიდან გამოთავისუფლების შემდეგ, იგი უნდა შეიყვანოთ ღრმად საშოში, ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენური დამუშავების შემდეგ.
თუ თქვენ გამოიყენეთ პრეპარატი ნიუმეზოლი ფორტე საჭიროზე მეტი
თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მაღალი დოზები, პრეპარატის დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა, პრეპარატის უმნიშვნელო სისტემური აბსორბციის გათვალისწინებით.
სანნთლების უნებლიე გადაყლაპვის შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია) და მსუბუქი დაბნეულობა. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის ნიუმეზოლი ფორტე მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის შემდეგი დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ პრეპარატ ნიუმეზოლი ფორტეს გამოყენებას
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობისას, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ნიუმეზილ ფორტემაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
1) სერიოზული არასასურველი რეაქციები შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დროს:
ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
- მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც გამოიხატება ქავილით, კანის გამონაყარით, ჭინჭრის ციებით, ტუჩების, ენის, სახის ან ყელის უმტკივნეულო შეშუპებით, სუნთქვის უეცარი გაძნელებით საუბრისას ან ყლაპვისას (ანგიონევროზული შეშუპება), ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით (უეცარი მძიმე, ზოგჯერ ლეტალური გამოსავალით, ალერგიული რეაქცია, რომელიც ხასიათდება სუნთქვის გაძნელებით, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითებით და შეშუპების/შესიების უეცარი განვითარება);
- ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაავადება), რომელიც ვლინდება დაბნეულობით, ცხელებით, თავის ტკივილით, ჰალუცინაციებით, დამბლით, სინათლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით, მხედველობის ველის და თვალის მოძრაობის დარღვევით, კისრის კუნთების რიგიდულობით;
- ქვემწვავე ნათხემის სინდრომი (გამოიხატება მოძრაობების კოორდინაციის დარღვევით (ატაქსია), მეტყველებისა და სიარულის დარღვევით, ნისტაგმით (თვალის სწრაფი, განმეორებადი და უკონტროლო მოძრაობები), ტრემორით.
სიხშირე უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე):
- წითელი ან იასამნისფერი ლაქები ხელისგულებისა და ქუსლების კანზე, ჭინჭრის ციების მსგავსი უბნები, პირის ღრუს, თვალებისა და სასქესო ორგანოების არეში მგრძნობიარე ზონები (მულტიფორმული ერითემა);
- ძლიერი გამონაყარი კანზე, რომელსაც თან ახლავს ქავილი, ბუშტუკების გაჩენა პირის ღრუს, ყელის, თვალების, სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე და კანისა და ლორწოვანი გარსების სხვა უბნებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
- რეაქციები, რომლის დროსაც ხდება კანის გარე ფენების დიდი უბნების აქერცვლა ღრმა შრეებისგან (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
- ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები (ნეიროპათია)/მხედველობის ნერვის ნევრიტი;
- ასეპტიკური მენინგიტი.
ასეთი სერიოზული არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის ნიუმეზოლი ფორტე გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
2) სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები:
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
- სისხლის ანალიზის დროს გამოვლენილი პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები (აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ლეიკოპენია);
ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
- ფსიქოზური დარღვევები, მათ შორის დაბნეულობა და ჰალუცინაციები;
- ძილიანობა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი;
- მხედველობის გარდამავალი დარღვევები, როგორიცაა დიპლოპია (ორმაგი ხედვა), მიოპია (შორსმხედველობის დაქვეითება);
- პანკრეატიტი;
- ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები (ღვიძლის ფერმენტების (ასტ, ალტ, ტუტე ფოსფატაზას) ცვლილებები, ქოლესტაზური ან შერეული ჰეპატიტი, ღვიძლის დაზიანება, ზოგჯერ თან ახლავს სიყვითლე (კანისა და ლორწოვანი გარსების, თვალის სკლერის გაყვითლება); აღინიშნა ღვიძლის უკმარისობა, რომელიც საჭიროებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას;
- გამონაყარი კანზე, პუსტულოზური გამონაყარი (შემღვრეული სითხით, ჩირქით სავსე ვეზიკულები,), ქავილი, სახის სიწითლე;
- კუნთების ტკივილი (მიალგია) და ლოკალიზებული სახსრებში (ართრალგია).
სიხშირე უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე):
- უმადობა (ანორექსია);
- დეპრესიული განწყობა;
- ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა (პერიფერიული სენსორული ნეიროპათია), კრუნჩხვები ან გარდამავალი ეპილეფსიური გულყრები;
- სმენის დაქვეითება/სმენის დაკარგვა (ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება), შუილი ყურებში (ტინიტუსი);
- ტკივილი ეპიგასტრიულ არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ენის ანთება პირის სიმშრალის შეგრძნებით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი), გემოვნების დარღვევა (მეტალის გემო), ენის შეფერილობის ცვლილება/„თმიანი ენა“;
- გამონაყარი კანზე, რომელიც ჩნდება ერთსა და იმავე ადგილას პრეპარატის ყოველი შეყვანისას (წამლისმიერი ფიქსირებული გამონაყარი);
- შარდის მუქი შეფერილობა;
- კანის აქერცვლა სასქესო ორგანოების არეში, ქავილი, გამონაყარი კანზე, შეშუპება, ერითემა, ეროზია, დისკომფორტი, წვის შეგრძნება, გაღიზიანება, ჩხვლეტა, ტკივილი მცირე მენჯის და საშოს მიდამოში, ვაგინალური სისხლდენა.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ უშუალოდ მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომლის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვებ–გვერდზე: www.rama.moh.gov.ge ან e-mail: regagency@moh.gov.ge.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- პრეპარატის ნიუმეზოლი ფორტე შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე „ვარგისია“–ს შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის მოცემული თვის ბოლო დღე.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა გადააგდოთ ის პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები უწყობს ხელს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
პრეპარატი ნიუმეზოლი ფორტე შეიცავს:
- მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს: მეტრონიდაზოლი, ქლორამფენიკოლი, ნატამიცინი, ჰიდროკორტიზონის აცეტატი. თითოეული სანთელი შეიცავს 500 მგ მეტრონიდაზოლს, 200 მგ ქლორამფენიკოლს, 100 მგ ნატამიცინს და 15 მგ ჰიდროკორტიზონის აცეტატს.
- სხვა ინგრედიენტი არის: მყარი ცხიმი.
პრეპარატის ნიუმეზოლი ფორტე გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
სანთლები ცილინდრულ-კონუსური ფორმის, პრიალა ან მქრქალი ზედაპირით, ღია ყვითელიდან ყვითელ ან ღია ყავისფერამდე. გრძივ მონაკვეთზე დასაშვებია ჰაეროვანი და ფოროვანი ღეროსა და ძაბრის ფორმის ჩაღრმავების არსებობა.
ნიუმეზოლი ფორტე შეფუთულია 7 სანთელი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პვქ/პე ფირისგან. 1 კონტურულш უჯრედოვანი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
შპს „ფარმაპრიმი”,
კრინილორის ქ. 5, ს. პორუმბენი, კრიულენის რ–ნი,
მოლდოვას რესპუბლიკა, MD-4829
ტელეფონი (+373 22) 28-18-45
ფაქსი (+373 22) 28-18-46
e-mail: safe@farmaprim.md