ეტოქსიბი (ETOXIB) 60/90
ეტორიკოქსიბი (Etoricoxib) ტაბლეტები 60მგ
ეტორიკოქსიბი (Etoricoxib) ტაბლეტები 90მგ
შემადგენლობა
ეტოქსიბი 60
ეტორიკოქსიბი ტაბლეტები 60მგ
თითოეული შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
ეტორიკოქსიბი -60მგ
შემავსებლები- Q.S.
საღებავი: ტიტანის დიოქსიდი BP
ეტოქსიბი 90
ეტორიკოქსიბი ტაბლეტები 90მგ
თითოეული შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
ეტორიკოქსიბი -90მგ
შემავსებლები- Q.S.
საღებავი: Brilliant Blue Lake
მოქმედების მექანიზმი
ეტორიკოქსიბი არის პერორალური, ციკლოოქსიგენაზა -2-ის (COX-2) შერჩევითი ინჰიბიტორი კლინიკური დოზის ფარგლებში.
კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებში ეტორიკოქსიბი დოზადამოკიდებულად, დღეში 150 მგ-მდე დოზის გამოყენებისას ახდენდა COX -2-ის ინჰიბირებას COX-1-ის ინჰიბირების გარეშე. ეტორიკოქსიბი არ აინჰიბირებს კუჭის პროსტაგლანდინების სინთეზს და არ მოქმედებს თრომბოციტების ფუნქციაზე.
ციკლოოქსიგენაზა პასუხისმგებელია პროსტაგლანდინების გამომუშავებაზე. იდენტიფიცირებულია ორი იზოფორმა, COX-1 და COX-2. COX -2 წარმოადგენს იმ ფერმენტის იზოფორმას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო იმპულსებით ინდუცირდება და განიხილება, როგორც ტკივილის, ანთებისა და ცხელების პროსტანოიდული მედიატორების სინთეზზე პასუხისმგებელი ძირითადი ფაქტორი. COX-2 ასევე ჩართულია ოვულაციის, იმპლანტაციისა და არტერიული სადინრის დახურვის პროცესებში, თირკმლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულაციაში (ცხელების ინდუცირება, ტკივილის შეგრძნება, კოგნიტიური ფუნქცია). იგი ასევე მონაწილეობს წყლულების შეხორცების პროცესში. COX-2 იდენტიფიცირებულია ადამიანის კუჭის წყლულის ქსოვილებში, მაგრამ წყლულის შეხორცებაში მისი მნიშვნელობა დადგენილი არ არის.
თერაპიული ჩვენებები
ეტორიკოქსიბი გამოიყენება მოზრდილებსა და 16 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომებისა და მწვავე პოდაგრულ ართრიტთან დაკავშირებული ტკივილებისა და სიმპტომების მოხსნის მიზნით.
ეტორიკოქსიბი ნაჩვენებია მოზრდილებსა და 16 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში სტომატოლოგიური ოპერაციების ჩატარების შედეგად განვითარებული ზომიერი ინტენსივობის ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისათვის.
შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ცალკეული პაციენტის საერთო რისკების შეფასებას.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
ეტორიკოქსიბის მიღებისას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების რისკი შესაძლოა გაიზარდოს დოზისა და მიღების ხანგრძლივობის გაზრდის დროს, ამიტომ მაქსიმალურად მოკლე დროის მანძილზე მინიმალურად ეფექტური დოზების გამოყენება უნდა მოხდეს. პერიოდულად საჭიროა, გადაფასდეს სიმპტომების შესუსტების აუცილებლობა და ჩატარებულ მკურნალობაზე რეაქცია, განსაკუთრებით ოსტეოართრიტით დაავადებულ პაციენტებში.
ოსტეოართრიტი
რეკომენდებული დოზა არის 30 მგ დღეში ერთხელ. ზოგიერთ პაციენტში სიმპტომების არასაკმარისად შესუსტების შემთხვევაში, დღეში ერთხელ 60 მგ-ს მიღებამ შეიძლება გაზარდოს ეფექტი. გაუმჯობესების ეფექტის არარსებობისას საჭიროა მკურნალობის სხვა შესაძლო მეთოდების განხილვა.
რევმატოიდული არტთრიტი
რეკომენდებული დოზა არის 60 მგ ერთხელ დღეში. ზოგიერთ პაციენტში სიმპტომების არასაკმარისად შესუსტების შემთხვევაში, დღეში ერთხელ 90 მგ-ს მიღებამ შეიძლება გაზარდოს ეფექტი. როგორც კი პაციენტი კლინიკურად დასტაბილურდება, დოზა უნდა შემცირდეს 60 მგ-მდე დღეში ერთხელ. გაუმჯობესების ეფექტის არარსებობისას საჭიროა მკურნალობის სხვა შესაძლო მეთოდების განხილვა.
მაანკილოზებელი სპონდილიტი
რეკომენდებული დოზა არის 60 მგ ერთხელ დღეში. ზოგიერთ პაციენტში სიმპტომების არასაკმარისად შესუსტების შემთხვევაში, დღეში ერთხელ 90 მგ-ს მიღებამ შეიძლება გაზარდოს ეფექტი. როგორც კი პაციენტი კლინიკურად დასტაბილურდება, დოზა უნდა შემცირდეს 60 მგ-მდე დღეში ერთხელ. გაუმჯობესების ეფექტის არარსებობისას საჭიროა მკურნალობის სხვა შესაძლო მეთოდების განხილვა.
მწვავე ტკივილი
მწვავე ტკივილის სამკურნალოდ ეტორიკოქსიბი გამოიყენება მხოლოდ მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში.
მწვავე პოდაგრული ართრიტი
რეკომენდებული დოზა არის 120 მგ ერთხელ დღეში. მწვავე პოდაგრული ართრიტის მკურნალობის კლინიკურ კვლევებში ეტორიკოქსიბი გამოიყენებოდა 8 დღის მანძილზე.
სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ტკივილი
რეკომენდებული დოზა შეადგენს 90 მგ-ს დღეში ერთხელ, არაუმეტეს 3 დღის მანძილზე. ზოგიერთი პაციენტისათვის შესაძლოა აუცილებელი გახდეს ოპერაციის შემდგომი დამატებითი გაუტკივარება ეტორიკოქსიბთან ერთად სამი დღის განმავლობაში.
თითოეული ჩვენებისათვის რეკომენდებულზე დიდი დოზების გამოყენებისას დამატებითი ეფექტურობა არ აღინიშნა, ან არ არის შესწავლილი.
ამიტომ:
ოსტეოართრიტის დროს გამოყენებული დოზა დღე-ღამეში 60 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
რევმატოიდული არტთრიტისა და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს გამოყენებული დოზა დღე-ღამეში 90 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
მწვავე პოდაგრის დროს გამოყენებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 120 მგ-ს, მკურნალობის ხანგრძლივობა კი 8 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.
სტომატოლოგიური ოპერაციების შემდგომ განვითარებული მწვავე ტკივილის დროს გამოყენებული დოზა დღე-ღამეში 90 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს, მკურნალობის ხანგრძლივობა კი 3 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.
განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისათვის დოზის კორექციის აუცილებლობა არ არსებობს. როგორც სხვა პრეპარატების გამოყენებისას, ხანდაზმულ პაციენტებში სიფრთხილის დაცვაა საჭირო.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
პრეპარატის გამოყენების ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი სიმძიმის (Child-Pugh ქულა 5-6) დარღვევების მქონე პაციენტებში, სადღეღამისო დოზამ 60 მგ-ს არ უნდა გადააჭარბოს. ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის (Child-Pugh ქულა 7-9) დარღვევის მქონე პაციენტებში, პრეპარატის გამოყენების ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, სადღეღამისო დოზამ 30 მგ-ს არ უნდა გადააჭარბოს.
არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები განსაკუთრებით ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დაღვევეების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ, ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაღვევის მქონე პაციენტებში (Child-Pugh ქულა ≥10) პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებში მისი გამოყენება უკუნაჩვენებია.
თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი ≥ 30 მლ/წთ-ს შეადგენს, პრეპარატის დოზის კორექციის აუცილებლობა არ არსებობს. ეტორიკოქსიბის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ-ს შეადგენს.
პედიატრიული პოპულაცია
ეტორიკოქსიბის გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.
მიღების წესი
ეტორიკოქსიბი მიიღება პერორალურად და პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ეფექტი უფრო სწრაფად იწყება, თუ პრეპარატის მიღება ჭამის წინ მოხდება, რაც სიმპტომების სწრაფად შესუსტების აუცილებლობისას უნდა გავითვალისწინოთ.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პუნქტში მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- აქტიური პეპტიკური წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
- პაციენტები, რომლებსაც აცეტილსალიცილის მჟავის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის COX-2 (ციკლოოქსიგენაზა-2) ინჰიბიტორების მიღების შემდეგ აღენიშნებათ ბრონქოსპაზმი, მწვავე რინიტი, ცხვირის პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება ან ალერგიული ტიპის რეაქციები.
- ორსულობის და ლაქტაცია.
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (ალბუმინის შემცველობა სისხლის შრატში <25გ/ლ ან Child-Pugh ქულა ≥10).
- თირკმლის კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ.
- ბავშვები და 16 წლამდე ასაკის მოზარდები.
- ნაწლავის ანთებითი დაავადება.
- გულის შეგუბებითი უკმარისობა (NYHA II-IV).
- ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები, რომელთა არტერიული წნევის მაჩვენებლები მუდმივად 140/90 მმ ვწყ.სვ-ზე მაღალია და არ არის კონტროლირებადი.
- დადგენილი გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება და/ან ცერებროვასკულური დაავადება.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის გართულებები (პერფორაცია, წყლულები ან სისხლდენა), ზოგიერთი ფატალური გამოსავლით, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ეტორიკოქსიბით.
რეკომენდირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში, რომლებიც კუჭ-ნაწლავის მხრივი გართულებების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან; ხანდაზმულებში, პაციენტებში რომლებიც ერთდროულად იღებენ ნებისმიერ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ან აცეტილსალიცილის მჟავას ან პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადებებით ანამნეზში, როგორიცაა წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ეტორიკოქსიბის აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად მიღებისას (თუნდაც დაბალი დოზებით) იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივი გვერდითი მოვლენების (კუჭ-ნაწლავის წყლული ან კუჭ-ნაწლავის სხვა გართულებები) განვითარების რისკი. გრძელვადიანი კლინიკური კვლევებით არ გამოვლენილა კუჭ -ნაწლავის უსაფრთხოების მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავება შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორები + აცეტილსალიცილის მჟავასა და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებები + აცეტილსალიცილის მჟავას შორის.
გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე
კლინიკური კვლევები მიუთითებს, რომ შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორების კლასში შემავალი პრეპარატები შეიძლება დაკავშირებული იყოს თრომბოზული გართულებების რისკთან (განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტი (MI) და ინსულტი) პლაცებოსთან და ზოგიერთ აასს-ებთან შედარებით. ვინაიდან, ეტორიკოქსიბის მიღებისას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების რისკი შესაძლოა გაიზარდოს დოზისა და მიღების ხანგრძლივობის გაზრდის დროს, აუცილებელია მაქსიმალურად მოკლე დროის მანძილზე მინიმალურად ეფექტური დოზების გამოყენება. პერიოდულად საჭიროა, გადაფასდეს სიმპტომების შესუსტების აუცილებლობა და ჩატარებულ მკურნალობაზე რეაქცია, განსაკუთრებით ოსტეოართრიტით დაავადებულ პაციენტებში. პაციენტებში, გულ-სისხლძარღვთა გართულებების განვითარების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებით (მაგ. ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება), ეტორიკოქსიბით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ასეთი შესაძლებლობის სათანადო განხილვის შემდეგ. შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორები არ წარმოადგენს აცეტილსალიცილის მჟავას შემცვლელებს გულ-სისხლძარღვთა თრომბოემბოლიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ვინაიდან არ ახდენენ მოქმედებას თრომბოციტებზე. ამიტომ, არ არის რეკომენდირებული ანტითრომბოციტარული საშუალებების გამოყენების შეწყვეტა.
გავლენა თირკმელებზე
თირკმლის პროსტაგლანდინებს აქვთ კომპენსატორული როლი თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ამიტომ, თირკმლის პერფუზიის დაქვეითების პირობებში, ეტორიკოქსიბის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის შემცირება და ამის შედეგად თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება და თირკმლების ფუნქციის დასუსტება. ასეთი რეაქციის რისკი უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა ან ციროზი. ასეთ პაციენტებში უნდა იქნას განხილული თირკმლების ფუნქციის კონტროლის შესაძლებლობა.
სითხის შეკავება, შეშუპება და ჰიპერტენზია
პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს, აღინიშნა სითხის შეკავება, შეშუპება და ჰიპერტენზია. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), მათ შორის ეტორიკოქსიბი, შეიძლება ასოცირდებოდეს პირველად განვითარებულ ან მორეციდივე გულის შეგუბებით უკმარისობასთან. პრეპარატს სიფრთხილით უნიშნავენ პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში აქვთ გულის უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა ან ჰიპერტენზია, ასევე პაციენტებს ნებისმიერი სხვა მიზეზით გაჩენილი შეშუპებებით. ასეთი პაციენტების მდგომარეობის გაუარესების კლინიკური ნიშნების დროს საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, მათ შორის ეტორიკოქსიბის მიღების შეწყვეტა.
ეტორიკოქსიბის გამოყენებას, განსაკუთრებით დიდი დოზებით, შეიძლება ახლდეს უფრო ხშირი და მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ვიდრე სხვა არასტეორიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორების გამოყენების დროს. ამიტომ ჰიპერტენზია უნდა იყოს კონტროლის ქვეშ ეტორიკოქსიბით მკურნალობის დაწყების წინ, ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს არტერიული წნევის კონტროლს ეტორიკოქსიბით მკურნალობის დროს. არტერიული წნევა უნდა კონტროლდებოდეს მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი – პერიოდულად. არტერიული წნევის მნიშვნელოვნად მომატების შემთხვევაში, განხილულ უნდა იქნეს ალტერნატიული მკურნალობა.
გავლენა ღვიძლზე
კლინიკურ კვლევებში, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) და/ან ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) დონის მატება (დაახლოებით სამჯერ ან მეტჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს) დაფიქსირდა პაციენტების დაახლოებით 1%-ში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს 30, 60 და 90 მგ დღეში ერთი წლის განმავლობაში. ნებისმიერი პაციენტი, რომელსაც აქვს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომები და/ან ნიშნები, ან რომელსაც აღენიშნება ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა, უნდა იყოს მონიტორინგის ქვეშ. ღვიძლის უკმარისობის ნიშნების ან ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მდგრადი პათოლოგიური ცვლილებების დროს (ნორმის ზედა ზღვარზე სამჯერ უფრო მაღალი) ეტორიკოქსიბი უნდა მოიხსნას.
ზოგადი
მკურნალობის დროს ზემოთ აღწერილი ორგანოთა სისტემის რომელიმე ფუნქციის გაუარესების შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება და ეტორიკოქსიბით მკურნალობის შეწყვეტის განხილვა. შესაბამისი სამედიცინო დაკვირვება უნდა ჩატარდეს ეტორიკოქსიბის გამოყენებისას ხანდაზმულებსა და იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების, ღვიძლის და გულის ფუნქციის დარღვევები. სიფრთხილით უნდა იქნას დაწყებული ეტორიკოქსიბით მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დეჰიდრატაცია. ეტორიკოქსიბით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდირებულია რეჰიდრატაცია.
სერიოზული კანისმხრივი რეაქციები, ზოგიერთი მათგანი ფატალური, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, გამოვლინდა ძალიან იშვიათ შემთხვევებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ზოგიერთი შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორების გამოყენებისას პოსტმარკეტინგული კვლევის დროს. აღნიშნული რეაქციების განვითარების მაღალი რისკი არსებობს მკურნალობის საწყის ეტაპზე, რეაქციის განვითარება უმეტეს შემთხვევებში იწყება მკურნალობის პირველ თვეში.
სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია და ანგიონევროზული შეშუპება) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს. ზოგიერთი შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორის მიღებას ახლავს კანისმხრივი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წამლისმიერი ალერგია. ეტორიკოქსიბის მიღება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის პირველივე გამოვლინების, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების სხვა ნიშნების გამოჩენისთანავე.
ეტორიკოქსიბს შეუძლია ციებ-ცხელების ან ანთების სხვა ნიშნების შენიღბვა. სიფრთხილეა საჭირო ვარფარინთან ან სხვა პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად ეტორიკოქსიბის გამოყენებისას.
ციკლოოქსიგენაზას /პროსტოგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატების მსგავსად, ეტორიკოქსიბის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
პერორალური ანტიკოაგულანტები
პაციენტებში, რომლებიც გადიან გრძელვადიან მკურნალობას ვარფარინით, ეტორიკოქსიბის 120 მგ დღეში მიღებისას დაფიქსირდა პროთრომბინის დროის დაახლოებით 13%-ით მატება.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს, ხშირად უნდა შემოწმდეს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) პროთრომბინის დრო, განსაკუთრებით ეტორიკოქსიბის მიღების პირველ დღეებში ან ეტორიკოქსიბის დოზის შეცვლისას.
დიურეტიკები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ დიურეტიკებისა და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტში (მაგ. დეჰიდრატირებული პაციენტები ან ხანდაზმული პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით), აგფ ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტის და ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის თირკმლის შესაძლო მწვავე უკმარისობა, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია. აღნიშნული ურთიერთქმედება გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ეტორიკოქსიბს აგფ ინჰიბიტორებთან ან ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებთან ერთად. ამიტომ, ასეთი კომბინაცია უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. პაციენტებში საჭიროა ადეკვატური ჰიდრატაციის ჩატარება და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგის ჩატარების შესახებ საკითხის განხილვა კომბინირებული მკურნალობის დასაწყისში, ასევე გარკვეული პერიოდულობით შემდგომში.
აცეტილსალიცილის მჟავა
ჯანმრთელ ადამიანებში ჩატარებულ კვლევაში, წონასწორულ მდგომარეობაში, ეტორიკოქსიბს 120 მგ დღეში ერთხელ მიღებას არ ჰქონდა გავლენა აცეტილსალიცილის მჟავას (81 მგ დღეში ერთხელ) ანტითრომბულ მოქმედებაზე. ეტორიკოქსიბის გამოყენება შესაძლებელია აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საპროფილაქტიკო დოზებით (აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზები). თუმცა, ეტორიკოქსიბთან ერთად აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ან სხვა გართულებების სიხშირის გაზრდა, მარტო ეტორიკოქსიბის მიღებასთან შედარებით. არ არის რეკომენდებული ეტორიკოქსიბის გამოყენება აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საპროფილაქტიკო დოზებზე დიდი დოზებით, ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.
ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი
მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთქმედება ეტორიკოქსიბთან არ არის შესწავლილი, ციკლოსპორინის ან ტაკროლიმუსის გამოყენებამ ნებისმიერ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებასთან ერთად შეიძლება გაზარდოს ციკლოსპორინის ან ტაკროლიმუსის ნეფროტოქსიური მოქმედება. აუცილებელია თირკმლების ფუნქციის მონიტორინგი ამ პრეპარატებიდან ნებისმიერთან ერთად ეტორიკოქსიბის გამოყენებისას.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
ეტორიკოქსიბის გავლენა სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე:
ლითიუმი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლით ექსკრეციას და, შესაბამისად, ზრდიან პლაზმაში ლითიუმის დონეს. საჭიროების შემთხვევაში, სისხლში ლითიუმის მონიტორინგი და ლითიუმის დოზის კორექცია უნდა მოხდეს ამ კომბინაციის მიღებისას და აასს-ების მოხსნისას.
მეთოტრექსატი
ორი კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა შვიდი დღის განმავლობაში დღეში ერთხელ 60, 90 ან 120 მგ ეტორიკოქსიბის გამოყენების ეფექტი იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მეთოტრექსატს 7,5-დან 20 მგ-მდე დოზით კვირაში ერთხელ რევმატოიდული ართრიტის გამო. 60 და 90 მგ ეტორიკოქსიბის გამოყენებამ არ იქონია გავლენა მეთოტრექსატის პლაზმურ კონცენტრაციაზე ან თირკმლისმიერ კლირენსზე. ერთ კვლევაში 120 მგ ეტორიკოქსიბს არ ჰქონდა ეფექტი, მაგრამ მეორე კვლევაში 120 მგ ეტორიკოქსიბმა გაზარდა პლაზმაში მეთოტრექსატის კონცენტრაცია 28%-ით და შეამცირა მეთოტრექსატის თირკმლისმიერი კლირენსი 13%-ით. ეტორიკოქსიბისა და მეთოტრექსატის ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია მეთოტრექსატთან დაკავშირებული ტოქსიკურობის შესაბამისი მონიტორინგი.
პერორალური კონტრაცეპტივები
21 დღის განმავლობაში პერორალურ კონტრაცეპტივთან ერთად, რომელიც შეიცავს 35 მკგ ეთინილესტრადიოლს (EE) და 0.5-1 მგ ნორეთინდრონს, 60 მგეტორიკოქსიბის გამოყენებისას გაიზარდა EE-ს წონასწორული AUC0-24 სთ 37%-ით. იმავე პერორალურ კონტრაცეპტივთან ერთად ან 12-საათიანი ინტერვალით 120 მგ ეტორიკოქსიბის გამოყენებისას გაიზარდა EE-ს წონასწორული AUC0-24 სთ 50-60%-ით. EE კონცენტრაციის აღნიშნული ზრდა გასათვალისწინებელია პერორალური კონტრაცეპტივის არჩევისას ეტორიკოქსიბთან ერთად გამოსაყენებლად. ეთინილესტრადიოლის ექსპოზიციის ზრდას შეუძლია პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის ზრდა (მაგალითად, ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები რისკ-ჯგუფის ქალებში).
ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია (HRT)
28 დღის განმავლობაში 120 მგ ეტორიკოქსიბის გამოყენებისას ჰორმონ-ჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად, რომელიც შედგება კონიუგირებული ესტროგენებისგან (0.625 მგ PREMARINTM), გაიზარდა არაკონიუგირებული ესტრონის (41%), ექვილინის (76%) და 17-β-ესტრადიოლის (22%) საშუალო წონასწორული AUC0-24 სთ. ეტორიკოქსიბის (30, 60 და 90 მგ) რეკომენდებული გრძელვადიანი დოზების ეფექტი შესწავლილი არ არის. 120 მგ ეტორიკოქსიბის ზემოქმედება პრემარინის ამ ესტროგენულ კომპონენტების ექსპოზიციაზე (AUC0-24 საათი) იყო იმის ნახევარზე ნაკლები, რაც დაფიქსირდა მხოლოდ პრემარინის გამოყენებისას და როდესაც დოზა გაიზარდა 0.625-დან 1.25 მგ-მდე. ამ ზრდის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, ხოლო პრემარინის უფრო დიდი დოზებით გამოყენება ეტორიკოქსიბთან ერთად შესწავლილი არ არის. ესტროგენის კონცენტრაციის აღნიშნული ზრდა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პოსტმენოპაუზური ჰორმონალური თერაპიის შერჩევისას ეტორიკოქსიბთან ერთად გამოყენებისთვის, ვინაიდან ესტროგენების ექსპოზიციის ზრდამ შეიძლება გაზარდოს HRT-თან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.
პრედნიზონი/პრედნიზოლონი
სხვა წამლებთან ურთიერთქმედების კვლევისას, ეტორიკოქსიბს არ ჰქონია კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა პრედნიზონის/პრედნიზოლონის ფარმაკოკინეტიკაზე.
დიგოქსინი
ჯანმრთელ მოხალისეებში 10 დღის განმავლობაში 120 მგ ეტორიკოქსიბის დღეში ერთხელ გამოყენებისას არ შეიცვალა წონასწორული პლაზმური AUC0-24სთ ან დიგოქსინის თირკმლისმიერი ექსკრეცია. გაიზარდა დიგოქსინის Cmax (დაახლოებით 33%). ეს ზრდა ზოგადად არ არის მნიშვნელოვანი პაციენტების უმეტესობისთვის. თუმცა, ეტორიკოქსიბის და დიგოქსინის ერთდორულად გამოყენებისას დიგოქსინის ტოქსიკურობის მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებზე უნდა განხოციელდეს მონიტორინგი.
ეტორიკოქსიბის მოქმედება წამლებზე, რომლებიც მეტაბოლიზდება სულფოტრანსფერაზებით
ეტორიკოქსიბი წარმოადგენს ადამიანის სულფოტრანსფერაზას, კერძოდ SULT1E1-ს აქტივობის ინჰიბიტორს, რომელიც ზრდის შრატში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციას. მიუხედავად იმისა, რომ სულფოტრანსფერაზას ეფექტების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია და ბევრი წამლის კლინიკური შედეგები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, მიზანშეწონილია ეტორიკოქსიბის სიფრთხილით დანიშვნა სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდება, უპირატესად, ადამიანის სულფოტრანსფერაზებით (მაგ., პერორალური სალბუტამოლი და მინოქსიდილი).
ეტორიკოქსიბის მოქმედება წამლებზე, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP იზოფერმენტებით
in vitro კვლევებზე დაყრდნობით, ეტორიკოქსიბი არ აინჰიბირებს ციტოქრომებს P450 (CYP) 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 ან 3A4. ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული კვლევის ფარგლებში 120 მგ ეტორიკოქსიბის ყოველდღიური მიღებისას არ შეიცვალა ღვიძლის CYP3A4 აქტივობა, რომელიც შეფასდა ERMBT მეთოდით.
სხვა პრეპარატების გავლენა ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკაზე
ეტორიკოქსიბის მეტაბოლიზმის ძირითადი გზა დამოკიდებულია CYP ფერმენტებზე. CYP3A4 ხელს უწყობს ეტორიკოქსიბის მეტაბოლიზმს in vivo. In vitro კვლევები მიუთითებს, რომ CYP2D6, CYP2C9, CYP1A2 და CYP2C19 ასევე შეუძლიათ ძირითადი მეტაბოლური გზის კატალიზი, მაგრამ მათი რაოდენობრივი მახასიათებლები in vivo შესწავლილი არ არის.
კეტოკონაზოლი
კეტოკონაზოლს, CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორს, რომელიც ჯანმრთელ მოხალისეებში გამოიყენებოდა დოზით 400 მგ დღეში ერთხელ 11 დღის განმავლობაში, არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ერთჯერადად 60 მგ ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკაზე (AUC– ის 43% –იანი ზრდა).
ვორიკონაზოლი და მიკონაზოლი
პერორალური ვორიკონაზოლის ან ადგილობრივი გამოყენების მიკონაზოლის პერორალური გელის, CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების, ეტორიკოქსიბთან ერთად გამოყენებამ გამოიწვია ეტორიკოქსიბის ექსპოზიციის უმნიშვნელო მატება, მაგრამ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე არ წარმოადგენს კლინიკურად მნიშვნელოვანს.
რიფამპიცინი
რიფამპიცინთან, CYP ფერმენტების ძლიერ ინდუქტორთან, ერთად ეტორიკოქსიბის გამოყენებამ გამოიწვია ეტორიკოქსიბის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება 65%-ით. ამ ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების რეციდივი ეტორიკოქსიბის რიფამპიცინთან ერთად გამოყენებისას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება მიუთითებდეს დოზის გაზრდაზე, ეტორიკოქსიბის გამოყენება მითითებულზე უფრო დიდი დოზებით არ არის შესწავლილი რიფამპიცინთან კომბინაციაში და ამიტომ არ არის რეკომენდებული.
ანტაციდები
ანტაციდები არ ახდენენ გავლენას ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ხარისხით.
გვერდითი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
კლინიკური კვლევების ფარგლებში, ეტორიკოქსიბის გამოყენების უსაფრთხოება შეფასდა 9,295 პაციენტში, მათ შორის 6,757 პაციენტს აღენიშნებოდა ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, წელის ქრონიკული ტკივილი ან მაანკილოზებელი სპონდილიტი (დაახლოებით 600 პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა ოსტეოართრიტი ან რევმატოიდული ართრიტი მკურნალობდა ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში).
კლინიკური კვლევების ფარგლებში გვერდითი ეფექტების პროფილი მსგავსი იყო ოსტეოართრიტის ან რევმატოიდული ართრიტის მქონე იმ პაციენტებში გამოვლენილი პროფილისა, რომლებიც მკურნალობდნენ ეტორიკოქსიბით ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში.
მწვავე პოდაგრული ართრიტის მკურნალობის კლინიკურ კვლევებში გამოიყენებოდა 120 მგ ეტორიკოქსიბი დღეში ერთხელ რვა დღის მანძილზე. ამ კვლევის ფარგლებში გვერდითი ეფექტების პროფილი, ზოგადად, მსგავსი იყო ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტისა და წელის ქრონიკული ტკივილის მკურნალობის კომბინირებულ კვლევებში გამოვლენილი პროფილისა.
სამი აქტიური კონტროლირებადი შედარებითი კვლევიდან გაერთიანებული შედეგების კარდიოვასკულური უსაფრთხოების შედეგების პროგრამაში მონაწილე 17,412 პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა ოსტეოართრიტი ან რევმატოიდული ართრიტი, მკურნალობდა ეტორიკოქსიბით (60 მგ ან 90 მგ) საშუალოდ დაახლოებით 18 თვის განმავლობაში.
უსაფრთხოების მონაცემები და ამ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია პუნქტში 5.1.
სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი მწვავე ტკივილის მკურნალობის კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდა 614 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს (90 მგ ან 120 მგ), ამ კვლევების ფარგლებში გვერდითი ეფექტების პროფილი, ზოგადად, მსგავსი იყო ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტისა და წელის ქრონიკული ტკივილის მკურნალობის კომბინირებულ კვლევებში გამოვლენილი პროფილისა.
გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოცემულია ცხრილში.
პლაცებოს ჯგუფთან შედარებით ქვემოთ მითითებული გვერდითი ეფექტები გამოვლინდა უფრო მეტი სიხშირით კლინიკურ კვლევებში მონაწილე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, წელის ქრონიკული ტკივილი ან მაანკილოზებელი სპონდილიტი და რომლებიც იღებდნენ 30 მგ, 60 მგ ან 90 მგ ეტორიკოქსიბს რეკომენდებული დოზებით 12 კვირის განმავლობაში,; MEDAL პროგრამის კვლევებში 3½ წლამდე; მწვავე ტკივილის მკურნალობის ხანმოკლე კვლევებში 7 დღემდე; ან პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში (იხ. ცხრილი #1):
ორგანოთა სისტემა | გვერდითი რეაქციები | სიხშირის
კატეგორია* |
ინფექციები | ალვეოლიტი | ხშირი |
გასტროენტერიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია | არახშირი | |
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები | ანემია (ძირითადად ასოცირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენასთან), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია | არახშირი |
იმუნური სისტემის დარღვევები | ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ‡ ß | არახშირი |
ანგიონევროზული შეშუპება/ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის შოკი ‡ | იშვიათი | |
მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები | შეშუპება/სითხის შეკავება | ხშირი |
მადის გაძლიერება ან დაქვეითება, წონის მომატება | არახშირი | |
ფსიქიკური დარღვევები | შფოთვა, დეპრესია, გონებრივი სიმახვილის დაქვეითება, ჰალუცინაციები ‡ | არახშირი |
დაბნეულობა ‡, მოუსვენრობა ‡ | იშვიათი | |
ნერვული სისტემის დარღვევები | თავბრუსხვევა, თავის ტკივილი | ხშირი |
დისგევზია, უძილობა, პარესთეზია/ჰიპესთეზია, ძილიანობა | არახშირი | |
დარღვევები თვალის მხრივ | დაბინდული მხედველობა, კონიუნქტივიტი | არახშირი |
დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ | ტინიტუსი, ვერტიგო | არახშირი |
გულთან დაკავშირებული დარღვევები | გახშირებული გულისცემა, არითმია ‡ | ხშირი |
წინაგულთა ფიბრილაცია, ტაქიკარდია‡, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არასპეციფიური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე, სტენოკარდია‡, მიოკარდიუმის ინფარქტი§ | არახშირი | |
სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები | ჰიპერტენზია | ხშირი |
სიწითლე, ინსულტი §, გარდამავალი იშემიური შეტევა, ჰიპერტონული კრიზისი ‡, ვასკულიტი ‡ | არახშირი | |
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის მხრივი დარღვევები: | ბრონქოსპაზმი ‡ | ხშირი |
ხველა, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა | არახშირი | |
კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები |
ტკივილი მუცლის არეში | ძალიან ხშირი |
ყაბზობა, მეტეორიზმი, გასტრიტი, გულძმარვა, დიარეა, დისპეფსია/ეპიგასტრალური დისკომფორტი, გულისრევა, ღებინება, ეზოფაგიტი, პირის ღრუს წყლული | ხშირი | |
მუცლის შებერილობა, ნაწლავის პერისტალტიკის ცვლილება, პირის სიმშრალე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პეპტიკური წყლული, მათ შორის კუჭ-ნაწლავის პერფორაცია და სისხლდენა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, პანკრეატიტი ‡ | არახშირი | |
ჰეპატობილიარული დარღვევები |
ალანინამინოტრანსფერაზას მატება და ასპარტატამინოტრანსფერაზას მატება | ხშირი |
ჰეპატიტი ‡ | იშვიათი | |
ღვიძლის უკმარისობა ‡, სიყვითლე ‡ | იშვიათი† | |
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
ეკქიმოზი | ხშირი |
სახის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, ერითემა ‡, ჭინჭრის ციება ‡ | არახშირი | |
სტივენს-ჯონსონის სინდრომი ‡, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ‡ წამლისმიერი ფიქსირებული დაზიანება (FDE) ‡ | იშვიათი† | |
ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებები | კუნთების სპაზმი/კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი/დაჭიმულობა | არახშირი |
თირკმელების და საშარდე გზების დარღვევები | პროტეინურია, შრატში კრეატინინის მატება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა/ თირკმლის უკმარისობა ‡ | არახშირი |
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები | ასთენია/დაღლილობა, გრიპისმაგვარი დაავადება | ხშირი |
ტკივილი გულმკერდის არეში | არახშირი | |
გამოკვლევები | სისხლის შარდოვანას აზოტის მატება, კრეატინფოსფოკინაზას დონის მატება, ჰიპერკალიემია, შარდმჟავას მატება | არახშირი |
სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება | იშვიათი | |
*სიხშირის კატეგორია: განისაზღვრება ყოველი გვერდითი მოვლენის პერიოდისთვის კლინიკური კვლევების მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული სიხშირის საფუძველზე: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 – <1/10); არახშირი (≥1/1000 – <1/100); იშვიათი (≥1/10,000 – <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000).
‡ეს გვერდითი რეაქცია გამოვლინდა პოსტმარკეტინგული კვლევის დროს. მისი სიხშირე შეფასდა კლინიკური კვლევების მონაცემებში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი სიხშირის საფუძველზე ჩვენებისა და დამტკიცებული დოზის გათვალსწინებით. † სიხშირის კატეგორია „იშვიათი“ განისაზღვრა „პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიშის“ (SmPC) (rev. 2, სექტ. 2009წ.) მიხედვით, 95%-იანი ნდობის ინტერვალით, იმ სუბიექტების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც მკურნალობდნენ ეტორიკოქსიბით III ფაზის მონაცემების ანალიზში (n=15,470). ß ჰიპერმგრძნობელობა მოიცავს ტერმინებს: „ალერგია“, „წამლისმიერი ალერგია“, „წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობა“, „ჰიპერმგრძნობელობა“, „ჰიპერმგრძნობელობა NOS“, „ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია“ და „არასპეციფიკური ალერგია“. § გრძელვადიანი პლაცებოს და აქტიური კონტროლირებადი კლინიკური კვლევების ანალიზზე დაყრდნობით, შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორები დაკავშირებულია სერიოზული არტერიული თრომბოზული მოვლენების, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების გაზრდილ რისკთან. ასეთი მოვლენების განვითარების რისკის აბსოლუტური ზრდა სავარაუდოდ არ აღემატება 1%-ს წელიწადში არსებული მონაცემების საფუძველზე (არახშირი). |
შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას და არ შეიძლება გამოირიცხოს ეტორიკოქსიბისთვის: ნეფროტოქსიურობა, მათ შორის ინტერსტიციალური ნეფრიტი და ნეფროზული სინდრომი.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ორსულობა
არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის პერიოდში ეტორიკოქსიბის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური რისკი ქალებში ორსულობის პერიოდში უცნობია. პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა მედიკამენტების მსგავსად, ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ეტორიკოქსიბის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვის უნარის დარღვევა და არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა. ეტორიკოქსიბის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. თუ ორსულობა დადგა მკურნალობის პერიოდში, ეტორიკოქსიბი უნდა მოიხსნას.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა ეტორიკოქსიბი დედის რძეში. ცნობილია, რომ ვირთხებში პრეპარატი გამოიყოფა დედის რძით. ქალებმა, რომლებიც იყენებენ ეტორიკოქსიბს, არ უნდა კვებონ ძუძუთი.
ფერტილობა
COX-2-ის მაინჰიბირებელი სხვა საშუალებების მსგავსად, ეტორიკოქსიბის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
დოზის გადაჭარბება
კლინიკურ კვლევების მიხედვით, 21 დღის განმავლობაში ეტორიკოქსიბის 500 მგ -მდე ერთჯერადი დოზისა და 150 მგ-მდე /დღეში მრავალჯერადი დოზის მიღებამ არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ტოქსიკურობა. არსებობს ინფორმაცია ეტორიკოქსიბის დოზის მწვავე გადაჭარბების შესახებ, თუმცა უმეტეს შემთხვევებში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები შეთავსებადი იყო ეტორიკოქსიბის უსაფრთხოების პროფილთან (მაგ., კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები, კარდიორენალური დარღვევები). დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ჩვეულებრივი დამხმარე ზომების მიღება, როგორიცაა არააბსორბირებული პრეპარატის მოცილება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კლინიკური მონიტორინგის განხორციელება და აუცილებლობის შემთხვევაში, შემანარჩუნებელი თერაპიის დაწყება.
ეტორიკოქსიბი არ არის დიალიზირებადი ჰემოდიალიზით; უცნობია, არის თუ არა ეტორიკოქსიბი დიალიზირებადი პერიტონეალური დიალიზით.
ვარგისიანობის ვადა
24 თვე
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
3*10 ტაბლეტი დაფასოებულია Alu/Alu ბლისტერზე, რომელიც ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი:
Remus Pharmaceuticals Ltd.
ინდოეთი, გუჯარათის შტატი, მეჰსანას რაიონი -382 715, AT-Indrad,TA-Kadi, Survey #416
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს „ნიუ ფარმა“
საქართველო, თბილისი, 0154, იროდიონ ევდოშვილის ქ. #18