ევროკავშირის და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორებისთვის GDP (Good Distribution Practice) სტანდარტის დაცვა სავალდებულოა. საქართველოც შეუერთდა ამ საერთაშორისო მოთხოვნას, რის საფუძველზეც „ნიუ ფარმას“ სადისტრიბუციო საწყობის ინსპექტირება სტანდარტის შესაბამისობაზე წარმატებით ჩატარდა და  „ნიუ ფარმამ“  GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სერტიფიკატი მოიპოვა.

სერტიფიკატი ადასტურებს, რომ „ნიუ ფარმას“ საბაჟო საწყობი აკმაყოფილებს საქართველოს ნაციონალურ სტანდარტად აღიარებულ და ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნებს. GDP სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს ფარმაცევტული პროდუქტების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე – საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე, რაც ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას.